რექტორთა კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: უმაღლესი განათლების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა/დაგეგმვა და სხვა.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა განხილული საკითხების გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. გიორგი ამილახვარმა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.