2021 წლის ივლისში ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების RURD პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების მიერ დაფუძნებული რექტორთა კონფერენციის მორიგი შეხვედრა გაიმართა 2022 წლის 3 მაისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების რექტორები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს „უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“, იმსჯელეს პროექტისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „უნივერსიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე: მესამე მისიის ღონისძიებები და გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალურ დონეზე“, „ერთიანი აკადემიური პლატფორმის შექმნა ინფორმაციის გაზიარებისა და დანერგვისათვის“.
პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი